ნავიგაცია
ამჟამად საიტზეა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

რეკლამა
განხილვადი
კაცია ადამიანი ? ნაწილი 3 ი.ჭავჭავაძე
ლუარსაბმაც კი იცოდა ბიჭების „დაწიოკება", როგორც თითონ იტყოდა ხოლმე. მართალია, ცოტა ზანტი იყო, მაგრამ იმოდენა მამულ-დედულს მოვლა არ უნდოდა? ეს მამულის მზრუნველობა ძალას დაატანდა ხოლმე და წამოახტუნებდა ტახტიდამა. მაშინ უნდა გენახათ, რა ლამაზი იყო ჩვენი ლუარსაბი: ფეხშიშველა, ლურჯი კალმუხის ქუდით თავზედ, წითელ პერანგის და მის განუშორებელ ამხანაგის ანაბარას, გულგადაღეღილი, ფაშვიანი, ჩიბუხით ხელში მიგორდებოდა მოაჯირის გადასაყუდებელთან და გადასძახებდა ძილისაგან გაბოხებულ ხმითა თავის მოურავს დათოსა:

— დათო! ხორცი ხომ ჩამოიტანე ბაზრიდამ? (იმ სოფელში ბაზარიც გახლდათ).

— დიაღ, შენი ჭირიმე.

— რა ნაჭერია?

— ჩალაღაჯი.

— სამწვადედ?

— სუკი ვიშოვე, შენი ჭირიმე.

— ძვირფასი კაცია, — გაიფიქრებდა ხოლმე მადლიერი მებატონე, მერე დათოს ეტყოდა: — ბარაქალა, ჩემო დათო! თუ კაცმა დაივიწყა, ღმერთი არ დაივიწყებს ბატონის ერთგულობასა. ბარაქალა! შენ ჩემი მარჯვენა მკლავი ხარ, მაგარი მკლავი.

დათო თავს მოიფხანდა ხოლმე და უხეიროდ გაიღიმებდა ამგვარ ქებაზედა.

— მეზვრემ მწვანილი მოიტანა? — ჰკითხავდა კიდევ ბატონი.

— მოიტანა.

— ტარხუნა ხომ არის?

— გახლავს.

— კიტრი?

— კიტრიც გახლავს.

ლუარსაბს იამა. ტახტი რომ ყოფილიყო, ერთი ორჯერ მაინც გადატრიალ-გადმოტრიალდებოდა.

— მაშ სახლი სავსე ყოფილა, — სთქვა ბატონმა სიამოვნებით.

— როდისა გხლებიათ ნაკლული, შენი ჭირიმე, რომ ეხლა იყოს?..

— ეგრე, ჩემო დათო! ბატონის ოჯახის პატივი და სახელი ერთგულმა ყმამ ქვეყანას უნდა მოსდოს. ბარაქალა! თუნდ ნაკლული იყოს, უნდა სთქვა, რომ სავსეაო. შენ გამოცდილი კაცი ხარ, — ეს ყველაფერი იცი.

— ამოდენა კაცი შენს ხელში ვარ და როგორ არ მეცოდინება, შენი ჭირიმე!

— ეხლა ერთი ეს ვიკითხოთ, — სთქვა პატარა ხანს უკან მზრუნველმა მებატონემ, — ურმები გაისტუმრე?

— გავისტუმრე, შენი ჭირიმე! ეხლა თუნდ ორღობეებს იქნებიან გაცილებულნი.

— სად გაისტუმრე?

— ყანაში, შენი ჭირიმე!

— რამდენია?

— ოთხი საბატონო და ათი ბეგრისა.

— რატომ ბეგრისა ხუთმეტი არ არის?

— ხუთმეტი ჩვენ კაცებში თავის გაჩენაში არ შებმულან, შენი ჭირიმე, და დღეს საიდამ იქნებოდა!

— ხუთმეტი უნდა ყოფილიყო, ვეჟო! რატომ არ არის? მე არ ვიცი, ხუთმეტი უნდა ყოფილიყო. როგორ იქნება? ბატონს სამსახური უნდა, მაშ მე ბატონი აღარ ვყოფილვარ!.. გაგონილა!.. ფიე! ხუთმეტი უნდა ყოფილყო. მე ვუჩვენებ იმათ, რომ მე ბატონი ვარ და ისინი ყმები არიან.

მართლა-და ლუარსაბსა თავის დღეში ათის ურმის მეტი არ შეჰბმია და რაზედ გაწყრა ეგრე უწყალოდ? დათოსაც არ ესმოდა — ეს წყრომა რის ნიშანი იყო. გაუკვირდა და ბატონს ყურება დაუწყო, ხომ არ გაგიჟდაო. დიაღ, ლუარსაბი კი იქნება, რომ გაგიჟდეს!.. და თუ ტყუილ-უბრალოდ გაწყრა, მაგისი საბუთები სულ გოგრაში ჰქონდა. როგორც ამისი ძვირფასი კნეინა, ისე თითონაც ძალიანა ჰჩემობდა მოსამსახურეების და ყმის მოხმარებასა.

— გლეხკაცს ეგრე უნდა მოეპყრას ბატონიო, — იტყოდა ხოლმე ბრძენი თავადი, — ეგრე უნდაო, რომ ყოველ ცისმარა დღეს ეშინოდეს, თორემ, ღორის მკბენარსავით, რომ გლეხკაცი ფეხზედ დაისო, თავზედ აგაცოცდებაო. მაშ! შიში შეიქმს სიყვარულსაო.

ოღონდაც, ჩემო ლუარსაბ, ოღონდაც!

ის კი არ იცოდა ამ ბედნიერმა ადამიანმა, რომ უმიზეზო და ამგვარ ტყუილ-უბრალო აპილპილებაზედ გლეხებს სულ სხვა მსჯელობა და დასკვნა აქვთ ხოლმე. ეჰ, შენ რაც უნდა სთქვა, მკითხველო, და ამ ცოლ-ქმარს კი ეგონა, რომ თუ მუცელი მაძღარი აქვთ, ამ-გვარ ყმების მოხმარების ცოდნისაგან აქვთ.

ამისთანა სულელობას ჩვენი გულწრფელი თავადი ეძახდა ბიჭების „დაწიოკებასა". დარწმუნებული იყო, რომ ეს „დაწიოკება" ისე აუცილებლად საჭიროა ოჯახისათვის, როგორც სმა-ჭამა კაცისათვისა. ამიტომაც, რომ შემოვიდოდა ოთახში, თავის-თავის კმაყოფილებით ეტყოდა ხოლმე ცოლსა:

— ძლივს არ გავისტუმრე ურმები (ტყუილიც უყვარდა ჩვენს ლუარსაბსა), ძლივს! დალახვროს ღმერთმა გლეხკაცი! ვეჟო, მინამ თავს არ დაადგები და კარგად არ დასჭყივლებ, ხელს კი არ გასძრავს და. გაგონილა! მე რომ არ ვყოფილიყავ, ყანა მინდორში დაგვილპებოდა.

— ეგრე, შენი ჭირიმე, — გაუკეთებდა გულს და თავს უფრო მოაწონებდა დარეჯანი, — ეგრე უნდა. მას აქეთ, რაკი ევამ ადამი შეაცდინა, მას აქეთ ნაბძანებია ღვთისაგან, რომ ჩვენის ოფლით პური უნდა ვჭამოთ.

— ეგ თავადებზედ ხომ არ არის ნათქვამი, გლეხებზედ არის ნათქვამი, გლეხებზედ, — მიუგო ლუარსაბმა.

— მაშინ თავადები სად იქნებოდნენ?

— როგორ არა, იყვნენ: ჩვენი გვარი მაშინდელია.

— რას ამბობ? ისე ჰლაპარაკობ, ასე გგონია, არა იცოდე-რაო. მაშინ ადამის და ევას მეტი არავინა ყოფილა და ადამი თავის თავზედ თავადი ხომ არ იქნებოდა?

— მართლა, ეგ კი ვეღარ მოვიფიქრე. არა, გეთაყვანე, ის რა ხე იყო, იმათ რომ ხილი მოიპარეს?

— ხე ბოროტისა და კეთილისა.

— ეხლა აღარ არის იმისთანა ხე?

—როგორ არა: ამბობენ, რუსთ ხელმწიფის ბაღში ერთი ოქროს ოთახიაო, იმაში არის, სულ იაგუნდის ფოთლები ასხიაო.

— ზურმუხტისა იქნება, — გაუსწორა ლუარსაბმა.

— ჰო, მართლა, ზურმუხტისაა, ზურმუხტიც ხომ ფოთოლსავით მწვანეა: დიაღ, ზურმუხტისაა, სულ ალმასები და იაგუნდები ასხია ხილის მაგიერად.

— ნეტავი მაჭამა, აბა გემო იმაში იქნება.

— ძალიან კი მიგიშვებენ: ქვიშაზედ უმრავლესი ჯარი ახვევია თურმე.

— მაშ ხონთქარს როგორ მოუპარვინებია?

— აი როგორ: ერთი ფერია ყოფილა, ფერია არწივად გადაქცეულა, შეპარულა, მოუგლეჯია ერთი დიდი ალმასი, ჩაუყლაპავს და ისე გამოპარულა.

— წაუღია, წაუღია! რა ეშმაკი ყოფილა!

— მაშ, წაუღია. მერე დედოფალი შებძანებულა, უნახავს, რომ ერთი დიდი ალმასი აკლია, მაშინვე რუსთ ხელმწიფისთვის შეუტყობინებია. რუსთ ხელმწიფე მაშინვე მიმხვდარა, რომ ეს ხონთქრის საქმეა და ომი დაუწყია. ის ომი ხომ დღესაც არ გადაწყვეტილა.

— მაშ შერჩა, შერჩა?

— ვინ იცის? ჯერ ომი არ გათავებულა.

— ნეტავი მე მამეპარა.

— ხომ დაგარჩობდნენ.

— რომ არ შევატყობინებდი: ჩავყლაპავდი და მუცელს ხომ ვერ გამიჭრიდნენ.

— გაგიჭრიდნენ კი არა, მეტსაც გიზამდნენ.

— რა ეცოდინებოდათ, რომ მე მაქვს?

— შენი ჭირიმე, მკითხავს ვერ იშოვიდნენ, რომ ეკითხნათ.

— მართლა, ეგ აღარ მომაგონდა. დაიცა, რა გითხრა: ადამმა რომ შეჭამა, ის რაღა იქნა?

— კუნძულელ ხელმწიფეს ზღვაში ეპოვნა თურმე და იმასა აქვს.

— აბა, დახე ღვთის სამართალსა! მე მეპოვნა, უფრო მადლი არ იქნებოდა?

— მერე ვინ შეგარჩენდა? ორასი წელიწადია თურმე მაშრიყ-მაღრიბის ხელმწიფე სულ იმისათვის ებრძვის კუნძულელსა.

— აქამდინ ვერ წაართო?

— ვერა.

— პაი, პაი, პაი! ღონიერი არა ყოფილა ისიცა!..

— მე კი არ ვიცი, რომ ღონიერი ყოფილა!.. ხელმწიფე და უღონო გაგონილა!

— ერეკლე მეფე რომ ყოფილიყო ეხლა, ის კი უთუოდ წაართმევდა, დიდ ვაჟკაცს ამბობენ.

— ის, რასაკვირველია, წაართმევდა, მაგრამ სად არის?

— ცოდო არ არის, ის ეხლა მიწაში ლპებოდეს და შენი მაზლი დავით კი ცოცხალი იყოს!

— აბა, უყურე წუთის-სოფლის მუხანათობას! ეგ რა კიდევ, თამარ დედოფალი შავ მიწაში უნდა იყოს და შენი რძალი ელისაბედი კი მზეს უყურებდეს!

— აბა, წუთის-სოფლის ანგარიში ეგ არის და, — დაატანდა ლუარსაბი და ამოიოხრებდა, მერე ისე, რომ სანთელი წინ სდგომიყო, გააქრობდა.

დილით ლუარსაბი და მისი მეუღლე კნეინა დარეჯანი, რაკი მოიცლიდნენ იმ საუცხოვო ოჯახის მოვალეობისაგან — რომლის ნიმუშიც ზევით მოვიხსენიე, მიუჯდებოდნენ ჩაის და ერთი ლაზათიანად გაიბერებოდნენ თბილის წყლით, როგორც ამბობს ჩვენი გლეხკაცი. პატარა ხანს უკან, ორიოდ გონიერ ბაასის შემდეგ, თუნდ იმის მსგავსისა — როგორც ზემოხსენებულია, სადილობაც მოვიდოდა, ერთი მაშინ მიძღებოდნენ „ძველებურადა, ჩვენებურადა", — და ლუარსაბი რაღაც დაღლილის სიამოვნებით წამოიძახებდა ხოლმე გულწრფელად: „გმადლობ შენ, უფალო, რათა განმაძღე მე". ამას იტყოდა თუ არა და, გამოისახავდა პირჯვარსა, მსწრაფლ სუფრიდამ იქავ ტახტზედ გადაგორდებოდა და, სრულიად კმაყოფილი თავისის ცხოვრებისა, დაიკრავდა მუცელზედ ხელსა და იტყოდა რაღაც ტრაბახობითა: „მე თუ უსწავლელი ვარ, მე ვიცი... რა ჰქვიან... მე ვიცი, შიმშილით კუჭი მიდნება, დიაღ, მიდნება! ზედაც ემცნევა ჩემ სტომაქსა". გამოსაცდელად ერთს კიდევ დაიკრავდა მუცელზედ ხელსა, თითქო სინჯავსო, კარგად არის გატენილი თუ არა, და რა ჰნახავდა, რომ კარგად არის, როგორც ცხენი დააკრაჭუნებდა კბილებს მეტის სიამოვნებისაგან: „დიაღ,— კიდევ იტყოდა, — ლუარსაბი უსწავლელი გახლავთ, იმიტომაც მშიერია". სადილს შემდეგ ძილი, მერე ისევ გაღვიძება, მერე ისევ ჩაი, მერე ვახშამი, და ბოლოს ისევ ის სატრფიალო ძილი, — და ესრეთ ტკბილად და აუმღვრევლად მიდიოდა ამ ორთა უმანკო სულთა უბოროტო ცხოვრება ამ წუთის-სოფელში, რომელმაც ისე არაფერი არ იცოდა ამათის ვინაობისა, როგორც ამათ არა იცოდნენ-რა, ჭამა-სმის გარდა, ღვთისაგან განაჩენი ამ მუხანათის წუთის-სოფლისა.

- ნახვები: 964 - კომენტარები: 0 - ავტორი: ADMIN

        

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ავტორიზაცია
გამოკითხვა
როგორ საიტი შევქმნათ მომავალში ?
 
Total vote: 353
რეკლამა
აქტიური მომხმარებლები
  • ნიკი: ADMIN
  • სიახლეები: 93
  • კომენტარები: 1
  • ნიკი: N1Kk@
  • სიახლეები: 53
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: agro
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 1
  • ნიკი: ANA
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: H4Ck3eR
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1
  • ნიკი: levani_777
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: qetusa))
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: shanidze99
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: likatenieshvili
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0

  • © 2010 - 2025 ყველა უფლება დაცულია. Free web hosting - uCoz