ნავიგაცია
ამჟამად საიტზეა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

რეკლამა
განხილვადი
კაცია ადამიანი ? 1 თავი ი.ჭავჭავაძე
„მოყვარეს პირში უძრახე,

მტერს პირს უკანაო”.

გონიერი ანდაზა.


რიტორიკაში სწერია: ყველაფერი შესავალით უნდა დაიწყოს კაცმაო. ჭეშმარიტია. ჩვენც ისე დავიწყოთ.

ვინც ლუარსაბის სახეში თავის-თავს იცნობს, ვინც ლუარსაბზედ დაწერილს თავის-თავზედ მიიღებს, ის, რასაკვირველია, ლაფის სროლას დამიწყებს და „გიჟიას" დაუძახებს ამ მოთხრობის უხეირო დამწერსა. ეს კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთ.

სხვამ რაც უნდა სთქვას, მე კი ამ სიტყვების სიმართლით გავამხნევებ ჩემს თავსა: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო”. სადა ხარ ეხლა ამ გონიერის სიტყვის მთქმელო? ვიცი, სადაცა ხარ: ხალხში ხარ, უხილავო, და ხალხისა ხარ. ისიც ვიცი, რაცა გქვიან: შენ ხალხის გენიას გეძახიან. ისიც ვიცი, რა თვისებისა ხარ: შეუცდომელი და ყოველთვის მართალი ხარ. შენ და მხოლოდ შენ უკეთებ გულს იმას, ვისაც „სხვისთვის" გული სტკივა. მაშინაც კი უკეთებ, როცა თვით ის „სხვანივე” თავიანთ გულშემატკივარს ცოდვად უთვლიან გულის-ტკივილსა. რა ვუყოთ? ზოგი გულის-ტკივილს იმითი იჩენს, რომ მოყვარეს ცუდსაც უქებს, და ზოგი კი იმითი, რომ ცუდს უწუნებს. ამ ორგვარ ხალხში რომელს უფრო მეტი და ჭეშმარიტი გულის-ტკივილი და სიყვარული აქვს — ეს თითონ მკითხველმა გამოიცნოს.


I


კარგი რამ იყო თავად თათქარიძის სახლ-კარი. წარმოიდგინეთ შუა კახეთის პატარა სოფელში ერთი ტრიალი, დაცემული ადგილი და იმ ადგილის შუაგულსა — ორსართულიანი სახლი ქვითკირისა. აი, ის სართულები რა ფერისა იყო: ქვეშ იყო მარანი, წალმით დახურული, და იმ მარნის უკანა კედელზედ ამოყვანილი გახლდათ ერთი პატარა ოთახი მოაჯირითურთ. მოაჯირს ეკრა ზედ მერცხლის ბუდესავით ერთი მცირედი ფიცრული, რომელიც საქვეშაგებოსა ჰთამაშობდა. კარგა მანძილზედ კიდევ ფიცრულის სათორნეც იდგა, იმას აქედამ ხულა, რომელსაც ზედ ჰქონდა მოდგმული ცალთვალა სასიმინდე, ერთი უბადრუკი რამ და მგლოვიარე. ბაღჩაც იყო, ღობით გავლილი. ღობესთან, ერთის ფურცლის ხის სიახლოვეს, მოჩანდა ძველი ჩალური, დროთა ბრუნვისაგან ისე გვერდზედ წამოღებული და წამოხრილი, თითქო გრილოში წამოწოლას აპირებსო, მაგრამ ბებერსავით ნეკრესის ქარის ტკივილებს უეცრად ისე წამოხრილი და დაღრეჯილი შეუკავებიათო. ეზო ამ ციხე-დარბაზისა, სიგრძეზედ თუ სიგანეზედ, კარგა ფართოდ იყო გაზიდული. იმას ერტყა გარშემო ძველი ტყრუშული ღობე, რომელიც ზოგიერთგან გადაქცეული იყო და ეხლანდელს პატრონს არც კი მოსვლია ფიქრად, რომ გაეკეთებინა. ეტყობა, რომ ქართველია!..

ღობე ერთგან თავდებოდა უშველებელის ჭიის-კარებითა, რომლის ერთი ნახევარი, — თუნდ ორი წელიწადია, — ისე საცოდავად დაღრეჯით გადმოჰკიდებოდა ერთს ყუნწსა, ასე გგონია — ბოძს დაუჭერია საცემლადაო და ის კი იწევსო, რომ როგორმე ხელიდამ დაუსხლტესო. ჭიის-კარიდამ იწყება კალო, დიაღ მოზრდილი. მისი ბუჩო ერთ მხრივ მთელ კალოს სამხრეთის ნაპირზედ გორასავით გაწოლილი იყო, ასე რომ იმისი ბოლო ზედ საბძელთან დააწყდებოდა. საბძელი იყო სასაცილო, ისე სულელურად ჩაფიქრებული და გვერდ-აწეული მარტო ფრთა-მოტეხილი ბატი თუ მინახავს.

ჩემს პატარა ბიჭობაში ბევრი კარგი ნახულა ამ ბუჩოზედა: აქ ხშირად უქეიფნიათ გრძნობის აღმტაცის ხრუტუნით ნებიერს ღორებსა; თავის ფაფუკის დინგით ბევრჯერ უთხრიათ ეს სურნელი ბუჩო, ისე გულმოდგინებით, ისეთის სინაზით, ასე გგონია — მართლა და ღორები იყვნენ. მერე იმათი ოხუნჯობა! იმათი ალერსი! ოჰ, ეს კი აუწერელია. რაღაც კმაყოფილებით გატაცებულთა, იმ ღორებს ერთმანეთისათვის ბევრჯერ წაუთავაზებიათ დინგი. რა ყვირილი და ჭყივილი ასტყდებოდა ხოლმე! ეგრე ჩვენი გლეხკაცი საალერსოდ წაუთავაზებს ხოლმე ქისტსა ახალ მოყვანილ პატარძალსა. ვიღაცამა სთქვა: „ქართული სიყვარული ლანძღვააო", მეც ვიტყვი: ქისტი კიდევ საოხუნჯო ალერსია. ადმინისტრაციაში მაგას კიდევ სხვა მნიშვნელობა აქვს: იქ ქისტი შემამცნებელი საბუთია. ეგ ჩვენი საქმე არ არის.

შიგ თითონ ეზო ისე უწმინდური იყო, როგორც ძველი ჩინოვნიკის გული. დიდი საქმე იყო, პატრონამდინ ისე მიგეღწიათ, რომ ან არ გასვრილიყავით, ან კიდევ ერთი ამბრის სურნელება თან არ აგეყოლიათ. ეს გარეგანი, — ეხლა, ბატონებო, შიგ სახლში ვეწვიოთ თავადს თათქარიძესა.

ეს კი უნდა მოგახსენოთ, რომ, თუ ვეწვევით, ფრთხილად უნდა ვიყვნეთ. იატაკი აგურისა არის. ეგ არაფერი. ეს არის ძნელი, რომ აგურები შიგა-და-შიგ ამოცვივნულან; იმათი ალაგი ამოთხრილ ორმოებად დარჩენილა. თვალების ძალიან გაფაციცება უნდა, თორემ, თუ ფეხი შიგ ჩავარდა, ვაი შენს მტერს! ან კისერი მოსტყდება კაცსა, ან თითონვე ფეხი. თუმცა, მართალია, სახლის პატრონი ბევრს ბოდიშს მოიხდის, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, რომ ბოდიში ძნელად თუ მოარჩენს მოგრეხილს კისერსა, — და არც მოტეხილ ფეხისათვის არის უებარი წამალი. ამ ხიფათს შეიძლება კაცი გადურჩეს, თუ რომ ოთახი ნათელი იყოს. ვაი, რომ არც ეს არის. თუმცა ორი, სათოფეზედ კარგა მოდიდო, ფანჯარა აქვს, მაგრამ ოთახი მაინც ბნელია, იმიტომ რომ ფიჭვის ჩარჩოებზედ მინის მაგიერად მეტად გამჭრიახ გონებას გაქონილი ქაღალდი გაუკრავს. აი, ამაზედ არის ნათქვამი: „ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა". მოგონებაში ქართველ კაცს პირველი ევროპიელი მეჭორეც არა სჯობია.

ბევრჯერ მინახავს სხვაგანაც მაგისთანა ფანჯრის სასაცილო სამკაული. ბევრჯერ მინახავს ის გაქონილი ფანჯრის ქაღალდი ნემსით დაჩხვლეტილიცა: ხან გულია გამოყვანილი, ხან ჯვარია, ხან კიდევ დაწერილია რამე, თუნდ ამისთანა რამ: „დათვი ხეზედ როგორ გავა, იავ-ნანინაო!.." ეს კი ქალის საქმე უნდა იყოს. თუნდ მართლადაც ესე იყოს, რა დასაძრახისია? მოსწყენია დავითნის კითხვა, გულზედ რაღაცა სევდა მოსწოლია, — და გონების გასართავად და უგემურ დღის დასალევად მიმჯდარა ფანჯარასთან, ამოუძვრია გულის ქინძისთავი და მიუყვია ხელი ამ მართლა-და გონება-გასართველ საქმისათვის. უსაქმო ყოფილა და საქმე გაუჩენია ამ ანდაზის ძალით: „ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობიაო".

იმ თათქარიძის ოთახში იდგა ორი გრძელი ტახტი, ერთმანეთის პირდაპირ. ასეთი ფაქიზი ქეჩა და ხალიჩა ეშალა ზედა, რომ, როცა კნეინა ადგებოდა, ყოველ მის ბრწყინვალების ბრწყინვალე ფეხის ბრწყინვალე გადადგმაზედ ისე ლამაზად აბოლდებოდა ხოლმე, რომ კაცი ყურებით ვერ გაძღებოდა. ამ ორ ტახტ-შუა აღმოსავლეთის კედელზედ მოჩანდა, კბილებჩაცვივნულ ბებერ დედაკაცის დაღებულ პირსავით, ერთი ამოჭვარტლული გარედამ და შიგნიდამ, ერთი მწუხარე და დაღრეჯილი ბუხარი. აქა-იქ ოთახის სამკაულად ეყარა სხვადასხვანაირი ნივთები, მაგალითებრ: ტალახიანი ყარაბაღული თეთრი წაღები, პირმოტეხილი სპილენძის თუნგი, ქონიანი შანდალი, სპილენძის საჩაიეში მოხარშული მყრალა-ბალახი, ზურგიელის ნაჭერი და სხვანი და სხვანი.

- ნახვები: 1322 - კომენტარები: 0 - ავტორი: ADMIN

        

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ავტორიზაცია
გამოკითხვა
როგორ საიტი შევქმნათ მომავალში ?
 
Total vote: 353
რეკლამა
აქტიური მომხმარებლები
  • ნიკი: ADMIN
  • სიახლეები: 93
  • კომენტარები: 1
  • ნიკი: N1Kk@
  • სიახლეები: 53
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: agro
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 1
  • ნიკი: ANA
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: H4Ck3eR
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1
  • ნიკი: levani_777
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: qetusa))
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: shanidze99
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
  • ნიკი: likatenieshvili
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0

  • © 2010 - 2025 ყველა უფლება დაცულია. Free web hosting - uCoz